თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მიწისქვეშა გაზსაცავი, რომლის მშენებლობაზეც საქართველო და გერმანია, კანცლერ მერკელის საქართველოში ვიზიტისას შეთანხმდნენ, ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.
„ეს იქნება სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ასევე მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება. გაზსაცავში მოხდება იმ გაზის დაგროვება, რომელიც ზამთრის სეზონის ე.წ. პიკურ პერიოდებში დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას,“ — აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
გაზსაცავის მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს, ხოლო მისი დასრულება კი დაახლოებით 2022 წლისთვის არის დაგეგმილი. სწორედ ამ დროისთვის უნდა მიიღოს საქართველომ „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის განხორციელების შედეგად უკვე მეტად იაფი ბუნებრივი აირი.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ გაზსაცავის მშენებლობა იაფი გაზის მიღების პროცესის დაწყებამდე, რათა იქ დაცული გაზი ზამთარში პიკური მოხმარების დროს გამოვიყენოთ, როდესაც მოსახლეობის მოთხოვნილება მზარდია,“ — განაცხადა ნინო ენუქიძემ.
ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.
კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც გერმანულ ბანკ KfW-ს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდა, აჭარის სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტის განსახორციელებლად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონი ევრო, ხოლო 3 მილიონი ევრო გრანტის სახით გამოყო. თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა“ არის პირველი პროექტი, რომელიც აჭარაში გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტი, რომელიც ხორციელდება ოთხ ფაზად და მისი მთლიანი დაფინანსება შეადგენს 119 მილიონ ევროს სესხის და 37 მილიონ ევროს გრანტის სახით.
კახეთის, სამეგრელოსა და სვანეთის განვითარებაში აზიის განვითარების ბანკი ჩაერთვება >>
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით გერმანიასთან თანამშრომლობა შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.
შეთანხმებები გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 24 აგვისტოს გაფორმდა, დოკუმენტს ხელი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ პრეზიდენტმა დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა ოლაფ ციმელკამ მოაწერეს.