რა მოხდა ქუთაისის აეროპორტში: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა შესაბამისი სამედიცინო ცნობის გარეშე ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს გამთენიისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

Georgian Airways-ში შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი გამოვლინდა

დღეს დილით, 04:43 საათზე ქუთაისის აეროპორტის ტერმინალში ბავშვს შეტევა ჰქონდა. აუცილებელი იყო ბავშვის სამედიცინო შემოწმება, თუ რამდენად უსაფრთხო იყო აუტისტური აშლილობის მქონე მცირეწლოვანისთვის ქუთაისი-ათენის რეისით მგზავრობა. სამედიცინო შემოწმება ხომალდის მეთაურმა ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე მოითხოვა.

როგორც აეროპორტების გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრის სამედიცინო შემოწმება ადგილზე გაჭირდა, რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობა ექიმის კაბინეტშიც გაგრძელდა. მგზავრს თან ახლდა დედა და 8 წლის და. მშობელმა და გამცილებლებმა ვერ შეძლეს მისი დამშვიდება.

„ეკიპაჟის მეთაურმა მოითხოვა შესაბამისი სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე (რადგან ის საერთაშორისო ენაა და ვალდებულია ინგლისური ენა ხომალდის მეთაურმა იცოდეს), რომ ბავშვისთვის ფრენა საშიში არ არის. ბუნებრივია, აეროპორტის ექიმის კომპეტენციაში არ შედის მსგავსი ცნობის გაცემა. თავად ბავშვის მშობელს კი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა", – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

ირანელ ქალებთან დაკავშირებით აეროპორტში მომხდარი ინცინდენტის განხილვა გრძელდება

ამასთან, აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია „ვიზეართან" შუამდგომლობით გადაწყდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, მისი დედა და და ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ინციდენტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებობს კონკრეტული რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს.

შემთხვევის შემდეგ აუტისტური სპექტრის მქონე ექვსი წლის ბავშვის დედამ ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაცია მისი შვილის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მან ბავშვის მდგომარეობის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციას ორი დღის წინ აცნობა, თუმცა გამგზავრების დღეს ბორტზე ჩასხდომის უფლება მაინც არ მისცეს.