თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მტირალას ეროვნული პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა 25 აგვისტოდან 10 დღით დაიკეტება, ნათქვამია ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საავტომობილო გზის დაკეტვის მიზეზი პარკამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგებაა. ადმინისტრაციის განცხადებით, მტირალას ეროვნულ პარკი არ დაიკეტება და ტურისტებს, რომელთაც ამ დღეებში სურთ მისი მონახულება, დაახლოებით 10 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ ჩაქვიდან მტირალას ეროვნულ პარკამდე, სოფელ ხალას გავლით.
მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთ-ჩაქვის ქედზე - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15698,8 ჰა-ს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.
პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.
წელს მტირალას ეროვნულ პარკს 38 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია. როგორც პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, შიდა ტურისტებს უცხოელი ტურისტები ჭარბობენ. უცხოელი ტურისტების ხუთეული ასე გამოიყურება: I – ისრაელი, II – რუსეთი, III – არაბთა გაერთიანებული საამიროები, IV- უკრაინა, V – გერმანია.