მოსალოდნელი ცვლილება: ნასვამ მძღოლებს ავტომობილის მართვა  უფრო ძვირი დაუჯდებათ 

ჯარიმის ოდენობის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობაც გაიზარდოს.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე დაწესებული ჯარიმები  შესაძლოა გაიზარდოს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა. 

„ამ მიმართულებით ვსწავლობთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის საფუძველზეც ვამზადებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის იქნება ინიცირებული პარლამენტში. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ გადაადგილებაზე მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაწესება ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას“, – განუცხადა გიორგი არსოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

ამჟამად მოქმედი კანონით, ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება 6 თვით უჩერდება. 

საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან 54 - სიმთვრალის გამო

დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობაც გაიზარდოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მეტად გამკაცრებისკენ მოუწოდა დღეს დაავადებების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განცხადებით
2018 წლის პირველ სამ თვეში მომხდარი 1428 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 54 სიმთვრალით იყო გამოწვეული. გასულ წლებში კი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაღუპულთა შორის ნასვამ მდგომარეობაში მსხვერპლთა საერთო რაოდენობის 9-12% იყო.