ანგელა მერკელი საქართველოში ჩამოფრინდა

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გერმანიის კანცლერის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

გერმანიის მტავრობის მეთაურის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 14:15 საათზე, დაგეგმილზე 15 წუთით ადრე დაეშვა. აეროპორტში სტუმარს დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი.

ანგელა მერკელი ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს, შეხვედრის შემდეგ კი გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ზალკალიანი: საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

ვიზიტის პირველივე დღეს დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. დღის ბოლოს კი, მერკელი დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ანგელა მერკელი ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდება.

ანგელა მერკელთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენზაიბერტი, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი, ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.

საქართველოს და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დამყარდა. იმ დროიდან მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში.