თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ახალი გუბერნატორების ბიოგრაფიის, ქონებისა და ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია მოიძია და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
20 აგვისტოს წარდგენილი 7 ახალი სახელმწიფო რწმუნებულიდან სამს — შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი), გიორგი ხოჯევანიშვილს (შიდა ქართლი), ალექსანდრე მოწერელიას (სამეგრელო — ზემო სვანეთი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ. ასევე ორ მათგანს — შალვა კერესელიძეს (მცხეთა — მთიანეთი) და შოთა რეხვიაშვილს (ქვემო ქართლი) ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მოუწოდებს: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შალვა კერესელიძეს, შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას 10 დღის ვადაში დატოვონ სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი პოზიციები;
ხოლო მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შალვა კერესელიძეს, შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას, ქვემო ქართლის გუბერნატორს შოთა რეხვიაშვილს — კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, შესაბამის სამეწარმეო სუბიექტებში კუთვნილი წილები მინდობით გადასცენ სხვა პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვადით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ახალ გუბერნატორებზე ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად მოიძია.
ბახტაძე — გუბერნატორების ინსტიტუტს გაძლიერება სჭირდება >>
არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროს მისცა რეკომენდაცია შეისწავლოს შალვა კერესელიძის და შოთა რეხვიაშვილის მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციები, გააკონტროლოს ახლადდანიშნული გუბერნატორების მიერ ქონებრივი დეკლარაციების დროულად წარდგენის პროცესი და მათი შესაბამისობა თანამდებობის პირების სამეწარმეო და ქონებრივ მდგომარეობასთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს რეგიონებში 7 ახალი გუბერნატორი 20 აგვისტოს წარადგინა.