ქარელში 23 წლის ჯარისკაცი მოკლეს

დაღუპული მე-13 ბატალიონში მსახურობდა.
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში 23 წლის ჯარისკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ახალწვეულის მკვლელობა – ბრალდებულს სამი წლით პატიმრობა მიესაჯა

შემთხვევა დღეს სოფელ ხვედურეთში, ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპული მე-13 ბატალიონში მსახურობდა. ის უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული.

ჯარისკაცს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს დამნაშავე თავად ჩაბარდა.

„დამნაშავეს მიწის ნაკვეთი ჰქონდა. ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ღამით, სავარაუდოდ, გარეული ცხოველი ნაკვეთს უზიანებდა. რომ დაღამდა, სანადირო თოფით ჩაუსაფრდა – იძახდა, უნდა მოვკლაო. ამ დროს ჩამოუვლია მეზობლის ბიჭს, მას ცხოველში აერია და ესროლა" – ყვებიან ადგილობრივები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა"), რაც ითვალისწინებს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.