კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ზარალი მიადგა სოფლებს.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივების განცხადებით, სტიქიამ ყურძნის მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა, რის გამოც ისინი  ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ, გადარჩენილი ყურძენი ჩაიბაროს.

ახმეტაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა

მოსახლეობამ თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში, მატანსა და ქისტაურში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა. ასევე, სეტყვის შედეგად ახმეტაში ვენახებთან ერთად ხეხილიც დაზიანდა. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი. ამ დრომდე უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიადგა სოფლებს.

კახეთის რეგიონში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს.