თევზის ძვლებისგან გაკეთებული უჩვეულო კომპოზიციები

წარმოიდგინეთ, ქართველი დიასახლისი, რომელიც ყველაფერს, საკმაოდ პროზაულ საკვების ნარჩენებსაც კი ხელოვნების კუთხით აღიქვამს და მათგან შეუძლია უცნაური და ლამაზი კომპოზიციები შექმნას. ჩვენი რესპონდენტი ერთი მათგანია.
Sputnik

ქალბატონი მარიკა ბეიტრიშვილი, პროფესიით ქიმიკოსია, საღვთისმეტყველო საგანიც შეისწავლა და ამჟამად სამრევლო სკოლის პედაგოგი და დირექტორის მოადგილე გახლავთ. მისი გატაცება მანამდე გაჩნდა, როდესაც სახლში იჯდა და დიასახლისის სტატუსი ჰქონდა მორგებული…

მარიკა ბეიტრიშვილი

- ქალბატონო მარიკა, როდის გაიღვიძა თქვენში ხელოვანმა?

— დაახლოებით 26 წლის წინ, მაშინ 40-ის ვიყავი, სახლში უფუნქციოდ დავრჩი და რა მეკეთებინა, არ ვიცოდი. ერთხელ ყველასთვის უცნაური იდეა გამიჩნდა… იმ დღეს, სახლში, სადილზე თევზი მოვხარშეთ. მე და ჩემი მეუღლის აზრები გაიყო: მე ვიცოდი, რომ თევზის თავის ჭამა არ შეიძლება, მეუღლემ დაიჟინა, რომ შეიძლებაო. მოკლედ, თევზის თავი მოვხარშეთ. როცა ის ქვაბში ჩაიშალა და ძვლები გაიფანტა, დავაკვირდი და რატომღაც საინტერესოდ მომეჩვენა. ქვაბიდან ამოვკრიფე ისინი, გავრეცხე და გავაშრე. მერე, თავისუფალ დროს ვიჯექი და ამ ძვლებს აქეთ-იქით გადავაწყობდი ხოლმე. დავინახე, რომ საინტერესო ფორმები ჰქონდა და იდეა გამიჩნდა მათი გამოყენებით რაღაც კომპოზიცია შემექმნა. ვცადე, გამომივიდა და ყველას მოეწონა. პირველ ეტაპზე, მარტო თევზის ძვალს ვიყენებდი. ჩემს სახლში ყოფნასაც განსხვავებული ფუნქცია გაუჩნდა.

მარიკა ბეიტრიშვილის ნამუშევარი

თანაც, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თევზის ხშირი გამოყენება საკვებად ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თქვენი გატაცება, ამ მხრივაც გამართლებულად ჩაითვლება….

— ვერ გეტყვით, რომ იმ დღის მერე ყოველ დღე თევზი გვქონდა სადილზე, მაგრამ როდესაც ჩემი დაინტერესების შესახებ მეზობლებმა გაიგეს, სადარბაზოში ქელეხისა თუ ლხინის სუფრის შემდეგ ჩემთან თევზის ნარჩენების მოზიდვა დაიწყეს. მათ ვაგროვებდი და ვრეცხავდი. ეს ძალიან არასასიამოვნო პროცესია, რადგან ძვლები ხორცისგან უნდა გავათავისუფლო. ამასობაში ჩემთან სხვადასხვა ჯიშის თევზი მოხვდა. დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ თევზის სხვადასხვა ჯიშს თავზე სხვადასხვა ფორმის, მაგრამ ერთი და იგივე დანიშნულების ძვალი აქვს.

მარიკა ბეიტრიშვილის ნამუშევარი

- ამასობაში, ზოგადი ცოდნაც შეიძინეთ იხტიოლოგიაში…

— რა ვიცი, მე არანაირი თეორიული ცოდნა არ მაქვს, მაგრამ პრაქტიკიდან ბევრი რამ გავიგე. ერთი საინტერესო ფაქტია: ცენტრალურ ადგილას ყველა თევზს თურმე თავში ჯვრის ფორმის მქონე ძვალი აქვს, აბსოლუტურად ყველა თევზს, მაგრამ ეს ჯვარი სხვადასხვანაირი ფორმისაა… მივხვდი, რომ მათი გამოყენება კომპოზიციებში განსხვავებულად შეიძლებოდა.

მარიკა ბეიტრიშვილის ნამუშევარი

- მე არ მსმენია, რომ თევზის ძვლებს ვინმე იყენებდეს ამ დანიშნულებით, თქვენ ხომ არ იცნობთ?

— ერთხელ ყურმოკრულად გავიგე, რომ ვიღაც აკეთებსო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. უცნაურ მასალას რაც ეხება, პირადად ვიცნობდი ერთ პიროვნებას, რომელიც ობობას ქსელებით „ხატავდა“. სამწუხაროდ ის ქალბატონი, ია მღებრიშვილი გარდაიცვალა.

მარიკა ბეიტრიშვილის ნამუშევარი

მეც ვცადე კომბინაციაში ქსელების და თევზის თავის გამოყენება. მოგვიანებით ამას დავუმატე ფოთლები და გამხმარი ნაყოფები. საერთოდ თუ რამე მომეწონება ხოლმე ბუნებაში ყველაფერს ვიყენებ. მერე ხავერდის ქსოვილზე ან ჯვალოს ნაჭერზე მათ სათითაო დეტალს ვაწებებ. დღეს ასამდე ნამუშევარი მაქვს, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ინტენსიურად ვერ ვაკეთებ. ჩემი ნამუშევრები ერთხელ გამოიფინა ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ყველას მოეწონა. ეს საქმე ცხოვრებას მილამაზებს და იმედი მაქვს, რომ სხვასაც მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ….