საპროტესტო აქცია წალკაში - ეკომიგრანტები მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბერძნებმა, რომლებიც სახლების მესაკუთრეები არიან, დაიწყეს დაბრუნება, რის გამოც ეკომიგრანტებს გამოსახლება ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარებაში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის მონაწილეები მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

20 წლის წინ წალკის სოფლებიდან ეთნიკური ბერძნების მასობრივი მიგრაცია მოხდა და ისინი საბერძნეთში წავიდნენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი 20 წლის წინ აჭარიდან ჩამოასახლეს და ე.წ. ბერძნების სოფელში დაასახლეს. ისინი ეკომიგრანტის სტატუსით სარგებლობენ, თუმცა დღემდე არ არიან სახლების კანონიერი მფლობელები.

სახელმწიფოს საჩუქარი: ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ

მათივე თქმით, ბერძნებმა, რომლებიც სახლების  მესაკუთრეები არიან, დაიწყეს დაბრუნება, რის გამოც ეკომიგრანტებს  გამოსახლება ემუქრებათ.

„გვაქვს აქვე ახლოს მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული. ან იაფი კრედიტი მოგვცენ, ან საშენი მასალის ყიდვაში მოგვეხმარონ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ ყველაფერს. გვესმის, რომ მესაკუთრეები ბერძნები არიან, მაგრამ ხომ არ შეიძლება ჩვენ ქუჩაში დაგვტოვონ. თან თითქმის ყველა ოჯახს გვაქვს ეკომიგრანტის სტატუსი, რასაც ჩვენი მერი არაფრად მიიჩნევს”, — აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივი მოსახლეობა პრემიერ-მინისტრსაც მიმართავს და წალკის მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ევროკავშირიდან დეპორტირებულ მოქალაქეებს საქართველო დახმარებას სთავაზობს

ეკომიგრანტის სტატუსი კანონით განსაზღვრული არაა. თუმცა, დევნილთა და განსახლების მინისტრის № 779-ე ბრძანებით, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც ეკომიგრანტებად მიიჩნევიან. ამ ბრძანების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად და გადაადგილებას დაქვემდებარებულად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება პირი, რომლის სახლიც დანგრეულია და ვერ აღდგება, ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

აღნიშნული ბრძანება განსაზღვრავს ეკომიგრანტების შეფასების კრიტერიუმებსაც, რომელიც მათ გარკვეულ ქულებს და შესაბამის პრიორიტეტებს ანიჭებს.