ფინანსური აუდიტის სამსახური საგამოძიებო სამსახურს განმარტებით შენიშვნებს აძლევს

დანამატები შესაბამისი დასაბუთების გარეშეა გაცემული
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დამტკიცებული ბიუჯეტით 1 620 000 ლარის პრემია უნდა გაეცა, თუმცა სამსახურმა 2 189 797 ლარი გასცა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტაჟის მიხედვით დანამატი სამსახურს 1 165 335 ლარის ოდენობით აქვს გაცემული, როცა ბიუჯეტით აღნიშნული თანხა დამტკიცებული არ არის ისევე, როგორც ხელფასზე დანამატი, რომელიც გასულ წელს სამსახურმა 3 253 349 ლარის ოდენობით გასცა.

აუდიტის სამსახურს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენიშვნები აქვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 3 253 349 ლარის ოდენობის ხელფასზე დანამატი შესაბამისი დასაბუთების გარეშეა გაცემული.

„2017 წელს მოქმედი რედაქციით, ფინანსთა მინისტრის N780 ბრძანებით არ მოითხოვებოდა ხელფასზე დანამატის გაცემის დასაბუთება. შესაბამისად, 2017 წელს 3 253 349 ლარის ოდენობის ხელფასზე დანამატი გაცემულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საშტატო ნუსხით დამტკიცებულია 660 ადამიანი, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულთა რიცხოვნობა 542-ია.

საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას გააკეთებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.