ბახტაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე: „ქართულ ოცნებას" რამდენიმეკვირიანი პაუზა აქვს აღებული

ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი ცესკოში 21–მა კანდიდატმა შეიტანა
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველი გუნდის მიერ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას" მხარდაჭერის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მოვლენებს აკვირდება

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პარტიული კანდიდატი არ ეყოლება და მხარს რომელიმე დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს დაუჭერს. მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილს ექნება.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ამავე დროს ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელი კანდიდატი დარეგისტრირდება და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზურაბიშვილი სკანდალის ცენტრში მოექცა

ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სკანდალის ცენტრში მოექცა. კერძოდ, მისმა არაკორექტულმა გამონათქვამებმა ჟურნალისტების მისამართით საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. კრიტიკით გამოვიდნენ წამყვანი ქართული ტელეკომპანიები, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ზურაბიშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

ამჟამად არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი ცესკოში 21–მა კანდიდატმა შეიტანა.