„ლეოგრანდი“ დაცლილია: ადმინისტრაცია ვადებში ჩაეტია

სასტუმრო „ველმონდი“ ბათუმში, რომელშიც ხანძრის დროს ადამიანები დაიღუპნენ, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების იგნორირების გამო დაილუქა
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ფეშენებელურ სასტუმრო „ველმონდში“ არცერთი სტუმარი არ დარჩა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურის მოთხოვნები შესრულებულია, განაცხადა სასტუმროს ადმინისტრაციის ადვოკატმა კახა წერეთელმა პირველი არხის ეთერში.

სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ახალი სახელწოდება „ველმონდი“ 2017 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შემდეგ მიიღო. ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, ძირითადად, კვამლით გაგუდვა გახდა. სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოების ნორმების იგნორირების გამო დაილუქა.

სასტუმრო „ველმონდის“ საქმე სასამართლომ გადაწყვიტა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (სასტუმრო „ველმონდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს. ამასთან, დღეს სამსახურის წარმომადგენლებსა და სასტუმროს მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. თუმცა, „ველმონდის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პრინციპული მოთხოვნაა, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის" ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების რეჟიმში რჩება. კონსულტაციები შენობაში სახანძრო-უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება. ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, სამსახური მზად არის გასცეს ნებართვა სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ლეოგრანდის“ მენეჯერები სასამართლომ გირაოთი არ გაათავისუფლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდს", რომელიც ამჟამად „ველმონდის" სახელით ფუნქციონირებს, საქმიანობის უფლება შეუჩერა ივლისშიც და მაშინაც მთავარი პრობლემა კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დაუმონტაჟებლობა იყო.

„ველმონდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს აშენდა ზღვის სანაპიროზე, პორტის მახლობლად. აჭარის მთავრობის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენცდარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.