რომელია ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი საქართველოში

საქართველოში უპირატესობას ანიჭებენ Samsung–ის მობილურ ტელეფონებს
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მობილური ტელეფონის ყიდვისას უპირატესობას სამხრეთკორეული კომპანია Samsung–ის მიერ წარმოებულ მობილურ ტელეფონებს ანიჭებს.

ქვეყნის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, Samsung–ის მობილური ტელეფონებით სარგებლობს მობილური კავშირის აბონენტების 30,8%. ეს დაახლოებით 1,6 მლნ აბონენტია.

XXI საუკუნის სასწაულები: ქართველი მოსწავლეები მობილურს თავისი ენერგიით მუხტავენ

მეორე ადგილზეა კომპანია Nokia Microsoft–ის მობილური ტელფონები – 18,9% (976,2 ათასზე მეტი აბონენტი).

პოპულარული მობილური მოწყობილობების ხუთეულშია ასევე Apple (11,2%), ჩინური კომპანია HUAWEI (8,76). შემდეგ მოდის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Lenovo, TCT, Sony Erricson, LG, HTC და ZTE. სხვა კომპანიების მობილურ ტელეფონებს იყენებს აბონენტების 18,8% (973 ათასი აბონენტი).

საქართველოში მობილური კავშირის აბონენტთა რიცხვმა 2017 წლის ბოლოსთვის 5,7 მილიონს მიაღწია. 2017 წლის ბოლო კვარტალში აბონენტთა რაოდენობა, 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 179 ათასი აბონენტით გაიზარდა.

მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2017 წელს 448 მლნ ლარი შეადგინა. ეს 2016 წლის მონაცემთან შედარებით 7,8%–ით მეტია.