თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს–ი) დაკითხვაზე მეორედ, ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზე დაიბარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
პირველად მაჩალიკაშვილი ორი დღის წინ დაკითხვაზე ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიბარეს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაჩალიკაშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ მან ასობით ადამიანთან ერთად დაიფიცა, რომ სუს-ის შენობაში თავს აიფეთქებდა, თუმცა შემდეგ ქართველების სიყვარულის გამო გადაიფიქრა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის 19 წლის შვილი თემირლანი გასული წლის 26 დეკემბერს, ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების ოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, ვინც მას ესროლა
სუს–ში დაკითხვის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ განცხადება სუს–ის შენობაში თავის აფეთქების მზადყოფნის შესახებ გამწარებული შვილმოკლული მამის სიტყვები იყო.
ამზადებდა თუ არა მაჩალიკაშვილი ტერაქტს — პანკისელს სუს-ში ელოდებიან>>
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის უცნობია, რა კითხვები ექნებათ მის მიმართ უსაფრთხოების სამსახურში.