ტაქსების მძღოლებისთვის რეგისტრაციის გავლა იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

საბუთის არქონის შემთხვევაში ტაქსის მძღოლი 1 ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდება
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ტაქსის მძღოლებითვის ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ტაქსების რეგისტრაცია თბილისში 1 აგვისტოდან დაიწყო. რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე (taxi.tbilisi.gov.ge), სადაც მოცემულია მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ნებართვის მაძიებელი ავსებს. ასევე, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ გამგეობებს, სადაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

"სიახლე გვაქვს ის, რომ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და ნებართვის აღება ასევე შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. გარდა იმისა, რომ ზოგადად გავამარტივეთ ეს პროცედურები და შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ლიცენზია, ასევე მომსახურების მიღება შესაძლებელია ათივე გამგეობაში და 21 აგვისტოდან ამას ემატება იუსტიციის სახლი",- განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლების ნაწილი შეღავათით ისარგებლებს

ერთწლიანი ნებართვის საფასური, ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის იქნება 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები სრული გადასახადის 50%-ს გადაიხდიან, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის რეგისტრაცია უფასო იქნება.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა სურს ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.

ტაქსის ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი ავტომობილის სალონში თვალსაჩინო ადგილზე მოათავსოს და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში კი მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

მონიტორინგზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ჯგუფები იქნებიან.

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები. ასევე, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.

დედაქალაქში ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.