რატომ დასჭირდა ვანო მერაბიშვილს საავადმყოფოში გადაყვანა

იუსტიციის სამინისტროს ცნობით ვანო მერაბიშვილი ჰაერის უკმარისობას უჩიოდა.
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელიც სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იხდის, საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ტელეკომპანიის ცნობით, ვანო მერაბიშვილს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაყვანა საჭიროდ ჩათვალა.

მერაბიშვილი საპატიმროში კიდევ ერთ ახალ წელს შეხვდება

„ციხის სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და დღეს საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების მიღების შემდეგ დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, –  აღნიშნეს იუსტიციის სამინისტროში.  

ყოფილი პრემიერის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც სასუნთქი გზებიდან დაიწყო. მისივე თქმით, მსჯავრდებულის კლინიკაში გადაყვანას და გამოკვლევების ჩატარებას ადვოკატებიც ითხოვდნენ.

ჩივიაშვილის განცხადებით, მათ სამედიცინო დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას ხვალ აპირებენ.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს.

მერაბიშვილის ბოიკოტი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ადვოკატებზე უარს აცხადებს

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. 

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.