ამზადებდა თუ არა მაჩალიკაშვილი ტერაქტს - პანკისელს სუს-ში ელოდებიან

პანკისში მცხოვრები მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის სუს-ის შენობაში თავის აფეთქებას აპირებდა
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) კონტრტერორისტულმა ცენტრმა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. მალხაზ მაჩალიკაშვილი არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის დახმარებაში ბრალდებულების დაკავების დროს პანკისის ხეობაში სასიკვდილოდ დაჭრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სუს-ზე დაყრდნობით.

მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიბარეს.

ჩატაევის ძებნილი თანამზრახველი საქართველოში დააკავეს

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაჩალიკაშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ მან ასობით ადამიანთან ერთად დაიფიცა, რომ სუს-ის შენობაში თავს აიფეთქებდა, თუმცა შემდეგ ქართველების სიყვარულის გამო გადაიფიქრა. ეს განცხადება მაჩალიკაშვილმა თბილისში მოკლული 16 წლის მოზარდის, დავით სარალიძის მამის — ზაზა სარალიძის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე გააკეთა.

„ჩვენ არ გვგონია, რომ საქმე ნეგატიურად შემობრუნდება, რადგან აქციაზე გაკეთებული განცხადება არ მიუთითებს დანაშაულის ნიშნებზე. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმისადმი მაღალი სოციალური ინტერესის გათვალისწინებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები გამოავლენენ შესაბამის პოლიტიკურ პოლიტიკურ გონიერებას გამოავლენენ და არ მივიღებთ უფლებების დარღვევის კიდევ ერთ ფაქტს", — განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში. მიქელაძე მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს.

ასევე სამშაბათს დაკითხვაზე, მაგრამ საქართველოს პროკურატურაშია დაბარებული გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს მაჩალიკაშვილსა და სარალიძეს. ის სარალიძის მხარდამჭერ საპროტესტო თითქმის ყველა აქციას ესწრებოდა.

კილაძე, მაჩალიკაშვილი და სარალიძე 5 აგვისტოს ევროპაში წასვლას გეგმავდნენ, სადაც უნდა შეხვედროდნენ საერთაშორისო უფლებადამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. გამგზავრება არ შედგა. ამის მიზეზები კილაძემ განმარტა.

მოკლული სარალიძის მამა - „ჩემი თავიდან მოშორება უნდათ"

მისი თქმით, მიუნხენში გააჩერეს ორგანიზაციის „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი პაატა აბჟანდაძე, საფრანგეთში ვიზიტის ორგანიზატორი და განუმარტეს მას, რომ ჯგუფში, რომელიც მას გერმანიაში მიჰყავდა, იყვნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილები და ძებნილები.

კილაძე ამტკიცებს, რომ ყოველივე ამის უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან, რომლებმაც კოლეგებს ევროკავშირში სპეციალურად გადასცეს ეს ინფორმაცია, რათა ისინი ერვოპაში არ შეეშვათ. კილაძემ გერმანიაში უკვე გაგზავნა თხოვნა განმარტების თაობაზე, თუ რა საფუძველზე არ შეუშვეს ისინი ევროკავშირში.

„დაკითხვაზე დამიბარეს. უნდა მივიტანო ის მასალები, რომელიც გაგზავნილი მაქვს როგორც გერმანიაში, ასევე ამერიკაში. გამოძიება თუ დაიწყება და ის ობიექტურად ჩატარდება, უნდა გასცეს მთავარ კითხვაზე პასუხი- რატომ გადაწყვიტა სუს-მა საკუთარი მოქალაქეების ტერორიზმით ბრალდებით უცხო ქვეყანაში დაკავება", — განუცხადა კილაძემ Rusatvi2-ს.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის ოჯახის ისტორიას, ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაცია გასული წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. მაშინ დააკავეს რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. 19 წლის თემირლან მაჩაიკაშვილი კი დაიჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, ვინც მას ესროლა.