საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიელ ხალხს მიუსამძიმრეს

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 35, დაშავებულია 13 ადამიანი, ხოლო დაკარგულად 20 ადამიანი მიიჩნევა.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. იტალიის ქალაქ გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„საქართველო იტალიის ხალხსა და მთავრობას სოლიდარობას უცხადებს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

სოციალურ ქსელში გამოეხმაურა  იტალიის ქალაქ გენუაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც.

გენუაში ხიდის ჩამონგრევა: საქართველოს საელჩო იტალიაში განცხადებას ავრცელებს

„ღრმად დამწუხრებული ვარ იტალიაში გენუას საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის გამო. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მწუხარების ჟამს, საქართველო იტალიის გვერდით დგას“, — დაწერა დავით ზალკალიანმა.

შტორმის შედეგად, ქალაქ გენუაში ავტოსაგზაო ხიდი 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე ჩაინგრა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 35, დაშავებულია 13 ადამიანი, ხოლო  დაკარგულად  20 ადამიანი მიიჩნევა.

იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით დაშავებულთა შორის ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამხმარე ბრიგადები გენუაში ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. 

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +39 333 887912.