თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქში მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტებთან და კერძოდ, რობაქიძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.
მერის განცხადებით, სამუშაოებისთვის ზაფხულის პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება აქვთ გადაწყვეტილი, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გასულია და პროექტების განხორციელება უფრო მარტივია.
კალაძემ ბოდიში მოუხადა მძღოლებსა და მოსახლეობას, რადგან გადაადგილება გამზირზე შეზღუდულია; ასევე მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციას მოძრაობის დარეგულირებისთვის.
დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე დაახლოებით, 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთია. სამუშაოების მიმდინარეობისას შეიცვლება ბორდიურები, განათება, სადენებს მოათავსებენ მიწისქვეშ.
„პროექტის ფარგლებში, გზის 1,2 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა (32 000 კვ.მ) დაგეგმილი, რაც ახალი ბორდიურისა და საავტომობილო ნაწილის მოწყობას გულისხმობს. სამუშაოების დროს, ასფალტბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი ბორდიური, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება", — განაცხადა კალაძემ.
ასევე, რობაქიძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლისა და წყალარინების დაზიანებულ სისტემას აღადგენს.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,7 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენკო" აწარმოებს.