ქართულმა ლიტერატურულმა კონკურსმა ფინალისტები დაასახელა

PenMarathon-ის გამარჯვებულების ვინაობა 11 ოქტომბერს გერმანიაში წიგნის ბაზრობაზე გახდება ცნობილი
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. გამოცხადდა რიგით მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურული კონკურს PenMarathon-ის ხუთი ფინალისტი.

ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი“ პერმანენტულად 2002 წლიდან იმართებოდა. წელს კონკურსმა საერთაშორისო ხასიათი შეიძინა. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარის სტატუსით წარდგება, კონკურსი ქართულ-გერმანულ ფორმატში ტარდება.

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე გამოიცა

ქართველ ფინალისტებს შორის არიან მინდია არაბული, ნინო გუგეშაშვილი, თეა თოფურია, ირმა მალაციძე და ალეკო შუღლაძე. ორგანიზატორებმა ასევე ხუთი გერმანულენოვანი ავტორის სია წარადგინეს.

ექვსი გამარჯვებულის ვინაობა (სამი საქართველოდან, სამი გერმანიიდან) 11 ოქტომბერს გერმანიაში წიგნის ბაზრობაზე გახდება ცნობილი.

გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრიზები. კონკურსში წარმოდგენილია ორი პირველი ადგილი, რომლისთვისაც გამარჯვებულები მიიღებენ 3000 ევროს, ორი მეორე ადგილი, რისთვისაც 2000 ევროს გადაეცემა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები 1000 ევროს მიიღებენ.

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი გახდება >>

ასევე, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გამოქვეყნდება „პენმარათონ-2018“-ის ორენოვანი კრებული, რომელშიც შევა კონკურსის ფარგლებში შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოები (ხუთი ქართული და ხუთი გერმანელი). კრებულის პრეზენტაცია ასევე გაიმართება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართულ პავილიონში. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, იმავე საღამოს ქალაქის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში კრებულის ავტორები საკუთარი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტებს წაიკითხავენ.

ლიტერატურული კონკურსი 20 ივნისს დაიწყო და სარაჯიშვილის სასახლეში, სოფელ ბაკურციხეში (კახეთი) გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს 12-მა ქართველმა და გერმანელმა ავტორებმა.