მსოფლიოში არაერთი ბესტსელერის ილუსტრატორი ქართველი გოგონას წარმატების ისტორია

ლიკა კვირიკაშვილი უცხოეთში საკმაოდ ცნობილი ქართველი ილუსტრატორია. იგი 43 ნაბეჭდი და 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორი გახლავთ.
Sputnik

ლიკა არის ამერიკელი ტელე-რადიო წამყვანის და მწერლის ჯაქი ფილიპსის წიგნი „RESET”-ის ილუსტრატორი, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა ადგილობრივი პრეზენტაციებით და ონლაინ გაყიდვების რაოდენობით. ასევე, ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის, კუნფუს ჩემპიონის და ამჟამად ცნობილი ტრენერის სიფუ კარლ რომეინის წიგნის „Unbreakable”-ის ილუსტრატორი. დღეისათვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული წიგნების გამომცემლობებთან  ბრიტანეთში, ამერიკასა და ავსტრალიაში. სულ ახლახან ლიკა ინგლისში იტალიური რესტორნის დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს.

ლიკა კვირიკაშვილი

— ბავშვობაში ძალიან მშვიდი და ზედმეტად სერიოზული ვიყავი. ჩემს თავს რომ ვიხსენებ, მახსენდება პატარა გოგო, თავისი სახატავი რვეულით და ფანქრებით. შემეძლო საათობით მეხატა, დრო ჩერდებოდა ამ დროს. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიზრდებოდი და მხატვარი ვიქნებოდი. დედა სულ ნერვიულობდა, საათობით რომ შემეძლო ვმჯდარიყავი გაუნძრევლად და მეხატა. სულ ცდილობდა ეზოში გავეყვანე და ბავშვებთან ერთად მეთამაშა,მაგრამ ეს ჩემთვის ფუჭი დროის ხარჯვა იყო. ერთი სული მქონდა ამოვსულიყავი უკან და გამეგრძელებინა ჩემი საქმე.

ლიკა კვირიკაშვილის ილუსტრაცია

- როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ილუსტრაციებს, როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?

— ილუსტრაციებს მეტად მოულონელად დაუკავშირდა ჩემი ცხოვრება. ცხრა კლასის დამთავრების  შემდეგ ჩავაბარე ე.თაყაიშვილის კულტურის უნივერსიტეთან არსებულ პროფესიულ კოლეჯში, მხატვრული გაფორმება-დიზაინის განხრით. დიდი ხანი მომწონდა მოდელირება და მინდოდა კოსტუმის დიზაინერად  მემუშავა. კოლეჯის წარმატებით დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, კვლავ ტანსაცმლის მოდელირების განხრით. ძალიან მომწონდა ეს სფერო და ამ დროისთვის სხვა სტუდენტებთან შედარებით უფრო გამოცდილიც ვიყავი, უკვე ჩემი დიზაინით ტანისამოსი იკერებოდა. ხატვის უნარი შედარებით მრავალფეროვანი მქონდა და ერთხელ ჩემმა ლექტორმა მითხრა, რომ წიგნის ილუსტრირებაში მეცადა ბედი. მისი სიტყვები დამამახსოვრდა და დიპლომის დაცვის შემდეგ შევუდექი ილუსტრაციების ხატვას. ვიგრძენი, რომ ეს ჩემი იყო. ამ პერიოდში დავინტერესდი ციფრული გრაფიკით და ჩავაბარე „ჯიპას“ სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე. როდესაც დავეუფლე გრაფიკულ პროგრამებს, შევეცადე ჩემი ილუსტრაციები გრაფიკულად დამეხატა და პორტფოლიო შემეკრა. ადგილობრივად წარუმატებელი გასაუბრებების შემდეგ (მხოლოდ გამოცდილი კადრი უნდოდათ), შევეცადე ონლაინ დავრეგისტრირებულიყავი და დისტანციურად მუშაობა მეცადა უცხოეთთან. ცდა ნამდვილად ღირდა, დღეს შემდგარი ილუსტრატორი ვარ და უცხოეთში მიცნობენ.

ლიკა კვირიკაშვილი

- თქვენი პირველი წარმატებული ნაბიჯები გაიხსენეთ ამ სფეროში…

— ჩემი პირველი წარმატება იყო, პირველი ბეჭდური წიგნი, ჩემი შიდა და გარეკანის ილუსტრირებით, რომელიც გამოიცა 2013 წლის დეკემბერში, გერმანიაში. ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც სახლში მომიტანეს ამანათი,  როგორ გავხსენი და შევეხე ფურცლებს… ზედ ჩემი ნამუშევრები იყო. და ილუსტრატორის სახელი და გვარი ამშვენებდა წინა გვერდს. ეს სასწაული იყო. დღეს უკვე 43 ნაბეჭდი წიგნის ილუსტრატორი ვარ.

ლიკა კვირიკაშვილის ილუსტრაცია

დღესდღეობით კონტრაქტი მაქვს გაფორმებული სამ წიგნის გამომცემლობასთან ბრიტანეთში, ამერიკასა და ავსტრალიაში. (Clever Fox Press,Brian’s First Publishing და Tales for the Tiny Travelers). გამოვარჩევდი პროექტს, რომელიც გავაკეთე Clever Fox Press —ის გამომცემლობისთვის, BBC Radio-ს 95 წლის იუბილესთვის მიძღვნილი დაილუსტრირებული წიგნი ბავშვებისთვის. წიგნები უსაჩუქრეს BBC Radio-ს წარმომადგენლებს და დანარჩენი ყოველი გაყიდული ასლიდან თანხა ჩაირიცხა ევროპის ლტოლვილ ბავშვთა საერთაშორისო ფონდში. პარალელურად უშუალოდ ჩემი პროფესიით, კოსტიუმის დიზაინერად, უკვე ერთი წელია ვმუშაობ საცურაო კოსტიუმების კომპანიასთნ Risque Dukes Swim Apparel, რომელიც მდებარეობს მაიმიში. წინა წელს ვიმუშავე ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან — Coleman — მოდის ილუსტრატორად. სულ ახალახანს ამიყვანეს იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინრად-ილუსტრატორად, რომელიც მდებარეობს ინგლისში.

ლიკა კვირიკაშვილის ილუსტრაცია

- როგორ მოხვდით Capri restaurant-ში  და რამდენად საინტერესოა თქვენთვის ეს სამსახური?

— ამ სამსახურს რაც შეეხება, აქ უკვე გამოცდილებისა და რეიტინგის საფუძველზე ამიყვანეს. მნახეს ერთ-ერთ ფრილანსერულ საიტზე, დაათვალიერეს ჩემი პორტფოლიო და რამოდენიმე სატესტო პროექტის გაკეთების შემდეგ ამიყვანეს. სამუშაო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, სადაც როგორც გრაფიკული დიზაინის ცოდნა, ასევე ილუსტრატორული მონაცემები მიწყობს ხელს.

ლიკა კვირიკაშვილის ილუსტრაცია

- წარმატება  მარტივად არ მიიღწევა. თქვენი აზრით რა აუცილებელი თვისებებია საჭიროა წარმატების მისაღწევად?

— გეთანხმებით, წარმატება მარტივად არ მიიღწევა — ეს საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. დავისახე მიზანი და ყველაფერი გავაკეთე, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავი. თუმცა ეს ბოლო წერტილი რა თქმა უნდა არაა. ვგრძნობ, რომ ბევრად მეტი შემიძლია. რაც უფრო უახლოვდები შენს იდეალს, მით უფრო ხვდები, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა. ჩემი აზრით მიზანდასახულობა, სტაბილურობა, შრომისმოყვარეობა და გამძლეობა არის ის აუცილებელი თვისებები, რაც მიგიყვანს დასახულ მიზნამდე.

ლიკა კვირიკაშვილის ილუსტრაცია

- ცხოვრებაში რამეზე გული დაგწყვეტიათ? რამეს შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

ცხოვრებაში არაფერზე არ მწყდება გული.  ვთვლი, რომ ყველაფერი დროულად და კანონზომიერად მოხდა. ყველაფერი რაც იყო საჭირო იყო იმისთვის, რომ დღეს ვმჯდარიყავი და თქვენთან ინტერვიუ ჩამეწერა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? თქვენი მომავალი გეგმები საქართველოს უკავშირდება?

— ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება უფრო მასშტაბურ ბაზარზე გასვლას. უფრო მეტად ცნობილ გამომცემლობებთან, სარეკლამო კომპანიებთან და მოდის ინდუსტრიასთან თანამშრომლობას. რაც უფრო მეტად გამზრდის პროფესიულად, შემმატებას გამოცდილებას და გამიზრდის ცნობადობას. რაც შეეხება ქვეყანას, ჯერჯერობით ქვეყნიდან წასვლა არ შედის ჩემს გეგმებში. სიმართლე გითხრათ, ახლა უკვე ამის სურვილი აღარც მაქვს, შესაბამისი გარემოებების გამო.