„ადამიანები არსაიდან“ - კედელზე ხუთკაპიკიანით მიწერილი ლექსი

დამეთანხმებით, ვისაც 90-იან წლებში საქართველოში ცხოვრება მოუწია, ისინი თავის გადარჩენის სხვადასხვა საშუალებებს იყენებდნენ უფრო ხშირად, იგონებდნენ კიდეც. არაფრის კეთება - სულიერი და ფიზიკური სიკვდილის ტოლფასი იყო...
Sputnik

დათო ფრანგიშვილის ცხოვრებაში იყო მომენტები, რომელთა გამო საოპერაციოდან სცენაზე გასვლაც მორალური თვითგადარჩენის   ერთგვარი გზას იყო… საქმე ისაა, რომ დავით ტატიშვილის კლინიკისა და „ნიუ-ჰოსპიტალის“ ექიმი-პროქტოლოგი, წარსულში როკ-მენი გახლდათ, ის ამ ფორმით გამოხატავდა პიროვნულ პოზიციას და პროტესტს იმის მიმართ, რაც საერთოდ (არ) ხდებოდა…

დავით ფრანგიშვილი

- ბატონო დავით, მაინტერესებს, თავიდან როკ-მენი იყავით თუ ექიმი?

— ორივე ერთდროულად ვიყავი, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს უკვე ვუკრავდით და სცენაზე გამოვდიოდით. მაშინ ქვეყანაში ყველაფერი დანგრეული იყო და „წყვდიადი“ სუფევდა… ეს ის პერიოდია, როცა მუსიკალური ჯგუფები სცენაზე „ანდეგრაუნდიდან“ გადადიოდნენ… იმ პერიოდში იყო არაჩვეულებრივი გოგო, ჟურნალისტი დარეჯან გულიაშვილი, რომელსაც მეორე არხზე ჰქონდა გადაცემა „როკი, სმოკი და სხვა“, ის ყოველთვის გვერდით გვედგა და ამ სიმღერის პირველი კლიპიც მან გაგვიკეთა. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს, უბრალოდ ასე მოხდა. ოჯახში კი არა, ექიმი მგონი, გვარშიც არავინ მყავს. ასე რომ, „პირველ ხოდში ვარ“…

- თქვენს თაობას დაკარგულს ეძახიან, მაინც ვისთვის დაიკარგეთ-ქვეყნისთვის თუ საკუთარი თავისთვის?

— ვეთანხმებით ამ მოსაზრებას, მეც იმ დაკარგული თაობიდან ვარ. პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის დავიკარგეთ, მერე ქვეყნისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის. როცა ახალგაზრდა ხარ ენთუზიაზმით შეგიძლია მუშაობა. იმ დრომ შეიძლება ითქვას, რომ გვერდზე ჩაგვიარა. დანარჩენი ჩვეულებრივად შეგვეხო: 90-იანი წლები, ეკონომიური სიდუხჭირე, ომი… ჩვენს ჯგუფს ერქვა „ადამიანები არსაიდან“-ამ სახელში საკუთარი თავი ვიგულისხმეთ…

- რადგან ასეთი სახელი შეარჩიეთ, ალბათ პროტესტის გამომხატველი ფილოსოფიური სიმღერებიც გექნებოდათ რეპერტუარში?

— იყო ეგეთებიც. იმიტომ, რომ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ჩვენი პოზიცია მძაფრი მუსიკის გარდა სიტყვებშიც იყო.

- რა გადარჩა თქვენს თაობაში და რის ხარჯზე?

— რა ვიცი,  ალბათ რაც გადარჩა ალბათ ისევ სიყვარულის და სიკეთის ხარჯზე… მახსოვს სხვადასხვა კონცერტებზე ავტობუსებით დავდიოდით. ხალხი მონატრებული იყო ხელოვნებას, სიმღერას და ამას ყველგან ვგრძნობდით. კახეთში ყოფნის დროს სასტუმრო თელავში გვქონდა აღებული. ერთხელ კონცერტს ვატარებდით, მასპინძლებმა საზამთროები გვაჩუქეს და მერე ვიღაცამ მოგვპარა ისინი. შუა კონცერტის დროს ერთმა ადგილობრივმა გვთხოვა, თუ შეიძლება კონცერტის მერე მიკროფონი მომეცით, რაღაც მინდა რომ ვთქვაო. ჩვენ ვიფიქრეთ ან მადლობის გადახდას აპირებს, ან დაახლოებით ასეთი სიტყვის თქმას, რომ როკი შემოვიდა საქართველოში. მივეცით მიკროფონი და უცებ რომ არ მოველოდით, ისეთი რამე თქვა: აი, ვინც ახლა ამათი საზამთროები მოიპარა, იმათი მკვდარი და ცოცხალიო! ალბათ ეწყინა შეურაცხყოფა რომ მიაყენეს მის მასპინძლობას.

დავით ფრანგიშვილი

 სიმღერებს და ტექსტებს როგორ წერდით?

— სიმღერის ყველანი ერთად ვწერდით. ერთი ტექსტს მოიტანდა, მეორეს მელოდია მოჰქონდა, მესამე არანჟირებას აკეთებდა და გამოდიოდა, რომ სიმღერას ყველა ქმნიდა… მედიცინის სფეროდან ჯგუფში მარტო მე და ჩემი მეგობარი, თემურ უზნაძე ვიყავით. ის ტრავმატოლოგია და ახლა გერმანიაში ცხოვრობს. კიდევ ჯგუფში იყვნენ გიორგი წერეთელი და დათო გორგოშიძე.

- უჩვეულო გარემოში დაწერილი სიმღერა თუ გქონდათ რეპერტუარში?

— ერთხელ, ღამე, სამედიცინოში ავედით, ცოტა ნასვამები ვიყავით და ისეთი განწყობა გქონდა- როგორც ხდება ხოლმე, ნასვამი კი ხარ, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ. ამ მდგომარეობაში დავწერეთ ტექსტი სიმღერისთვის „შენ ხარ სატანა“, მაგრამ როგორ დავწერეთ, იცი? კალამი არ გვქონდა, არც ფანქარი და ის ტექსტი კედელზე ხუთკაპიკიანით დავწერეთ, რომ არ დაგვიწყებოდა.

- თქვენი ძირითადი პროფესიიდანაც რამე შემთხვევას ხომ არ გაიხსენებთ?

— ჩემი პროფესია- ანუ პროქტოლოგის, ძალიან ვიწროა და ამიტომ რაღაცის გახსენება ცოტა უხერხულია… აქ კარგი შედეგისა და წარმატებისთვის კოლექტიურად მუშაობაა აუცილებელი. პროფესიული დამოკიდებულება უნდა გქონდეს, რადგან აქ საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება.

- დაასრულეთ აზრი: კარგია ექიმი, რომელიც…

— რომელიც უზრუნველყოფილია ფულით, მარტო მედიცინაზე ფიქრობს და სხვა საფიქრალი არ აქვს.

- სხვა საფიქრალში ალბათ როკი არ გიგულისხმიათ…

— არა, როკი არა, ყოველდღიური ყოფითი პრობლემები ვიგულისხმე…

- საინტერესოა, უფრო კარგ დროში რომ გეცხოვრათ — როკი ხომ არ გადაწონიდა მედიცინას?

— ამის თქმა დანამდვილებით არ შემიძლია, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ როკს გადაეწონა და მე მარტო სცენაზე ვმდგარიყავი…