თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (195-ე ადგილი WTA-ს რეიტინგში) გერმანიის ქალაქ ჰეხინგენში ITF-სერიის ტურნირის ფინალში გავიდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია >>
ნახევარფინალში გორგოძემ კორტების მასპინძელს ანა ზაის ორ პარტიაში მოუგო — 7:6, 6:1. მატჩი თითქმის საათნახევარს გაგრძელდა.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველი ჩოგბურთელი შეხვდება გერმანიის კიდევ ერთ წარმომადგენელს — ლაურა ზიგემუნდს (182).
ჰეხინგენის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 60 000 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს გორგოძემ ITF-ს სერიის ანალოგიური ტურნირი ყაზახეთშიც მოიგო. ამ წარმატებამ მას 100 სარეიტინგო ქულა მოუტანა — WTA-ს რეიტინგში ის 75 პოზიციით დაწინაურდა და კარიერაში პირველად მსოფლიოს 200 უძლიერეს ჩოგბურთელ შორის მოხვდა.