აბაშაში სტიქიის გამო 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს.
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აბაშაში მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო სოფლებში წყემსსა და ზანათში 25 ოჯახის ღამით ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები დატბორა

ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პარასკევს ადიდებულმა მდინარე აბაშამ ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

მოსახლეობის ევაკუაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკით განხორციელდა. ადგილზე მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი.

ამ დროის მონაცემებით, სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს.