აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID -ის მისიის დირექტორი გაეცნო

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს მავნებლის პოპულაცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მასშტაბი შემცირდა.
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი აბაშაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ბოლო მონაცემები

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. გასულ ზაფხულს მან დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მავნებელმა მოსავალი გაანადგურა და საცხოვრებელი სახლები გაავსო. ოქტომბერში ფაროსანა უკვე თბილისშიც გამოჩნდა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო- სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) მხარდაჭერით ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 2016 წლიდან ხორციელდება. REAP-ის ფარგლებში შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია, შეიქმნა მავნებლის მონიტორინგის სისტემა, სწავლებები ჩაუტარდათ ადგილობრივ სპეციალისტებს, ასევე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა.

უწყების ცნობით, სამეგრელოს რეგიონში ვიზიტისას მისიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მავნებლის წინააღმდეგოდ მიმდინარეობს.

როგორ მოქმედებს ადამიანებზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პრეპარატები

სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს, 2017 წელთან შედარებით, მავნებლის პოპულაცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მასშტაბი შემცირდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.