გზის რომელ მონაკვეთებზე მოქმედებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების დამონტაჟება გრძელდება
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე დღეიდან სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

„რადარები ამ  საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრანსპორტის მომავალი საქართველოში - ექსპერტის თვალსაზრისი

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები ამოქმედდება და სიჩქარის მზომი სექციები მოეწყობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ თვეში დედაქალაქში 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების დამონტაჟებას აგრძელებს.