რამდენი ავტომობილი დაჯარიმდა ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის

2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 4 700 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

„4 700 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი. ამაში შედის ყველა კატეგორიის ავტომობილი, რომლისთვისაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულოა“, – განუცხადა პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა.

ვინ როდის გაივლის ავტომანქანის ტექნიკურ დათვალიერებას

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის. პირველი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი, სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარება ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები.

საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.