ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ (ACES Europe) ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში ფეხბურთის ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო

უწყების ცნობით, საქართველოდან ბათუმი პირველი ქალაქია, რომელმაც ამ ორგანიზაციაში განაცხადი გააკეთა. სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისის თვეში ეწვია, სპორტული ობიექტები დაათვალიერა და ადგილზე შეაფასა  არსებული მდგომარეობა.

ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

„სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ეს ფაქტი თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად ითვლება. გარდა ამისა, მიღებული სტატუსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას“, — ნათქვამია განცხადებაში.

წელს ბათუმში  43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც 189 ქვეყნის 4 ათასამდე  სპორტსმენი და დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, წელს ბათუმი არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში  არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას  მალე შეემატება მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლე, ყინულის დარბაზი და 20 ათას მაყურებლეზე გათვლილი UEFA-ს სტანდარტების საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი.

მეგა-პროექტი: ბათუმში თანამედროვე სპორტკომპლექსი აშენდება>>>

ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი 2018 წლის 4 დეკემბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. 2019 წლიდან კი  სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

ACES Europe-ი ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა. ის ყოველწლიურად ევროპულ ქალაქებს,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“,,,ევროპის სპორტის ქალაქის“,,,ევროპის სპორტის თემისა“ და,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსებს ანიჭებს.რაც შეეხება ევროპის სპორტის დედაქალაქს, ამ სტატუსს 2019 წელს ბუდაპეშტი ატარებს.