რეზერვების შევსება და კურსის შენარჩუნება: ეროვნული ბანკი ორ კურდღელს ერთდროულად იჭერს

ექსპერტ დავით კიკვიძის თქმით, რეზერვების შევსება და შესაბამისად დოლარზე მოთხოვნის გაზრდა ეროვნულ ბანკს იმისთვისაც სჭირდება, რომ ლარის გამყარება ძალიან სწრაფად არ მოხდეს.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან 2 აგვისტომდე ეროვნულმა ბანკმა შვიდი სავალუტო აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 87,5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. 

საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს მიაჩნია, რომ წელს ეროვნულმა ბანკს ამ რაოდენობის უცხოური ვალუტის შესყიდვა სავალუტო ბაზრის სტაბილურობიდან გამომდინარე შეძლო.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესყიდვების უმეტესობა ტურისტულ სეზონზე განხორციელდა.

მცირდება თუ არა საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპები

„იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ტურისტული სეზონია,   შესაბამისად, ვალუტის შემოდინებაც არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა რამდენჯერმე იყიდა დოლარი  რეზერვების შესავსებად“, — განუცხადა დავით კიკვიძემ „Sputnik- საქართველოს“.  

დავით კიკვიძის თქმით, რეზერვების შევსება და შესაბამისად  დოლარზე მოთხოვნის გაზრდა ეროვნულ ბანკს იმისთვისაც სჭირდება, რომ ლარის გამყარება ძალიან სწრაფად არ მოხდეს. 

„ერთის მხრივ, ეროვნული ბანკი ცდილობს, ლარის კურსი შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში შეინარჩუნოს, რომ მან გავლენა არ მოახდინოს ინფლაციურ პროცესებზე და შესაბამისად  ეკონომიკაზე. მეორეს მხრივ, ის ცდილობს შექმნას რეზერვი, რომელსაც, მაგალითად, იმავე ზამთრის სეზონზე გამოიყენებს“, — მიაჩნია დავით კიკვიძეს. 

აქედან გამომდინარე, საბანკო პროდუქტების ექსპერტი არ  ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის  შესაბამისადაც  ეროვნულ ბანკს არ აწყობს ლარის გამყარება.

„ეს ნამდვილად ასე არ არის. ეკონომიკას ლარის გამყარება აწყობს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ნელ-ნელა და არა მკვეთრი ნახტომით და ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ ყიდულობს ეროვნული ბანკი პერიოდულად დოლარს“, — აღნიშნა დავით კიკვიძემ.

ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე - ეროვნული ბანკი დოლარებს ყიდულობს

6 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4484 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ეკონომისტ ვეფხია გიორგაძეს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე შეინარჩუნოს, როცა ლარს ბუნებრივი გამყარება შეუძლია. „არადა ჩვენს ეკონომიკას მეტი სტაბილური და გამყარებული ლარი ჭირდება, ხოლო ერონულ ბანკს მიაჩნია, რომ არსებული ნიშნულია ეკონომიკისთვის სასარგებლო რაშიც ცდება“, — განაცხადა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას. 

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

ნატა პატარაია