თითოეული მოქალაქე ორგანოების პოტენციური დონორი ხდება: ახალი წესი ბრიტანეთში

ტრანსპლანტაციისთვის არ იქნება გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების, გონებრივი დარღვევების მქონე ადამიანებისა და ასევე იმ პირების ორგანოები და ქსოვილები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე 12 თვეზე ნაკლებ ხანს ცხოვრობენ.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. დიდ ბრიტანეთში დონორული ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვაზე თანხმობის მიღების ახალი წესები შეიმუშავეს, იუწყება გაერთიანებული სამეფოების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. 

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია საქართველოში წარმატებით კეთდება

როგორც მოსალოდნელია, ახალი სისტემა ძალაში ინგლისში 2020 წელს შევა და ამის შემდეგ, ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი პოტენციურ დონორად ჩაითვლება.   

გამონაკლისს ხელისუფლება დაუშვებს მხოლოდ მათთვის, ვინც სიცოცხლეშივე ოფიციალურად იტყვის უარს დონორთა სიაში ჩართვაზე გარდაცვალების შემდეგ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსპლანტაციისთვის ავტომატურად არ იქნება გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების, გონებრივი დარღვევების მქონე ადამიანებისა და ასევე იმ პირების ორგანოები და ქსოვილები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე 12 თვეზე ნაკლებ ხანს ცხოვრობენ.  

„ორგანოების დონორობა სიცოცხლის გადამრჩენელია. მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილებების შეტანით, ყოველწლიურად დამატებით 700 სიცოცხლეს გადავარჩენთ“, — განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჯეკი დოილ-პრაისმა. 

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საზოგადოებას  შეახსენებს, რომ  2016-2017 წლებში დაღუპული 600 ათასი ადამიანის დაახლოებით 5,7 ათასი ორგანო შეიძლებოდა სასწრაფო ოპერაციების რიგში მყოფთათვის გადაენერგათ და ამით არაერთი სიცოცხლე ეხსნათ.  

ამ დროისათვის ბრიტანეთში 6 ათასამდე ადამიანი ელოდება ორგანოების გადანერგვას. დონორული მასალების უკმარისობის გამო გასულ წელს ქვეყანაში 400 პაციენტი გარდაიცვალა.