თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ესპანეთში, მალაგას პროვინციაში, ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე — ლ.ბ. და ი.ფ. და სომხეთის ერთი მოქალაქე ა.ს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს.
სამივე მამაკაცი კურორტ მარბელას ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. გამოძიების მიხედვით, ისინი რესტორანში გამართულ შეხვედრაზე დაპირისპირებული დაჯგუფების წევრის მოკვლას გეგმავდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაპატიმრებული ქართველი დიდი გავლენით სარგებლობს რუსეთში. კიდევ ერთი დაკავებული კი, ლიეტუვაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეა.
ამჟამად სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ფალისფიცირებული დოკუმენტები, მათ შორის პოლონური და უკრანული ყალბი პასპორტები.
როგორც ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, აღნიშნული პირების დაკავება სპეცოპერაცია სახელწოდებით „კუში 2"-ის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთის რამდენიმე ქალაქში სომხურ–ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის, შვიდი „კანონიერი ქურდი" დააკავეს.