ნინა დარჩიას არაამქვეყნიური არსებები, ამქვეყნიური გრძნობები და ზრდილობის დღე საქართველოში

საქართველოში ბევრი მხატვარია, მაგრამ ვაღიაროთ, ყველა მათგანი არ გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, რაც ხელოვანისთვის ნიჭზე არანაკლებ დასაფასებელია. ნინა დარჩიას საინტერესო ნამუშევრებში თავისებური ხელწერაა. მხატვარი ამქვეყნიურ გრძნობებს სიმბოლურად არაამქვეყნიური არსებებით გამოსახავს.
Sputnik

 როგორც თავად ამბობს, მისი ნახატები ცნობიერებაში დალექილი ეპიზოდებისა და ამბების ერთგვარ მიქსს წარმოადგენს.

,

- ქალბატონო ნინა, რატომ შეარჩიეთ შინაგანი სამყაროს გამოსახვის ასეთი უჩვეულო ფორმა?

— ამ ფორმით მე ხან სიზმრებს ვხატავ, ხან ოცნებებს, ხან ქალების გაუგებარ სამყაროს. ბავშვობაშიც ვხატავდი, მერე რატომღაც მივატოვე ხატვა, ერთ დღეს, დაახლოებით ათი წლის წინ, დილით გავიღვიძე და ხატვა დავიწყე. ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი. როცა სულ ვფიქრობდი იმას, თუ როგორ გადმომეცა ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი და განვიცდიდი. საამისოდ გარკვეული დრო დამჭირდა. ეს იყო ისეთი ენერგია, რომელიც ჩემს შიგნით იყო ჩასახლებული და ვცდილობდი მისგან როგორღაც გავთავისუფლებულიყავი.

ნინა დარჩია

- ბოთლში მოქცეული ჯინის დარად?

— დიახ, მასე ზუსტად, ერთ დღეს საღამოს დავჯექი და ფანქრით გადავიტანე ფურცელზე ზუსტად ეს ფორმები და მერე ისეთი შვება ვიგრძენი, თავისუფლად ამოვისუნთქე და მოვდუნდი. მივხვდი მანამდე თავს ცუდად რატომ ვგრძნობდი…

- ეს შემოქმედებითი მშობიარობა იყო ალბათ…

— კი, ეგრე იყო ნამდვილად…. მერე უკვე ეს ყველაფერი შევავსე და გადავიტანე ფერში და ტილოზე. მივხვდი რომ სულ ასე უნდა გამეგრძელებინა… ამ სტილს, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი რა ქვია. უბრალოდ, რაც ჩემში ბავშვობიდან დღემდე იყო ჩატუმბული და ნაგრძნობი- ყველაფერ ამის მიქსი გავაკეთე. ძალიან მომწონდა ინდური კულტურა, ბავშვობაში ერთი წიგნი მქონდა, რომელსაც თითქმის ყოველ დღე ვათვალიერებდი. მასში მინიატურული მხატვრობის ნიმუშები იყო და ეს წიგნი გამუდმებით ჩემთან მქონდა. ჩემი ნახატების პერსონაჟები და სიუჟეტები იმ ძველი ცივილიზაციის, ინდური და ეგვიპტური კულტურის ჩემეული აღქმაა. კიდევ ძირითადად ქალს ვხატავ, არა, კაცებს არაფერს ვერჩი, ღმერთმა კარგად ამყოფოს ისინი, მაგრამ ქალს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს… ქალს რატომ ვხატავ?— შეიძლება მინდა, რომ ისინი უფრო ღირსეულად წარმოვაჩინო. კიდევ, ქალის სამყარო ემოციური თვალსაზრისით უფრო მრავალფეროვანია და მდიდარი, ვიდრე მამაკაცის.

ნინა დარჩიას შემოქმედება

,

- თანაც, ცნობილია, რომ მამაკაცები უფრო სწორხაზოვნები არიან…

— კი, ბატონო ასეა, თუმცა სამაგიეროდ მათ ლოგიკა აქვს ჩვენზე კარგად განვითარებული, რაც ძალიან მომწონს. ქალები კი სილამაზის აღქმის უფრო კარგი უნარით გამოირჩევიან, ანუ უკეთესი ესთეტები არიან. ამიტომ მინდა, რომ ქალების ემოციური მხარე, მათი შინაგანი სამყარო და განწყობა, სიზმრები ნახატებში გამოვხატო.

,

- შეგიძლიათ, თქვენი ყველაზე უცნაური სიზმარი გაიხსენეთ, რომელიც დახატეთ?

— ბავშვობაში მქონდა ერთი სიზმარი, რომელმაც ჩემზე ისე იმოქმედა, რომ დღემდე მახსოვს. დამესიზმრა ეგვიპტის დედოფალი, ვერ ვიტყვი, რომ ის მაინცდამაინც კლეოპატრა იყო. ძალიან ლამაზი სამოსი ეცვა. იმ სიზმრის ფონი უჩვეულოდ დამამახსოვრდა და დღემდე ჩამრჩა… მას შემდეგ ჩემს ნახატებში ეგვიპტური კულტურა ძალიან გამოსახულია. ასევე ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემს ნახატებში გარკვეულად გუსტავ კლიმტის ხელწერაც იგრძნობა. არადა, ჩემი მცდელობა არასოდეს ყოფილა, რომ ვინმესგან რაიმე ამეღო. უბრალოდ ჩემმა ფსიქიკამ ყველაფერი განცდილი თავისებურად ასახა ქაღალდზე. სამი წლის მანძილზე უცხოეთში ექვსი გამოფენა მქონდა. ბოლოს ტაივანში მქონდა გამოფენა, რომელსაც ერქვა „არტ-რევოლუცია“, რაზეც ჩემმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა. საერთოდ, სადაც კი მიმიღია მონაწილეობა, ყველა გამოფენა ჩემთვის სტიმულის მომცემი და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ნინა დარჩიას შემოქმედება

- ახლა იმ გამოფენაზე მოგვიყევით, რომელიც ერთდროულად 25 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც გაიმართა…

— ახლავე მოგიყვებით რა ხდება. ცნობილი უცხოელი მხატვარია- იბექ სანტრა, რომელმაც დაიწყო ასეთი ნარატიული მოძრაობა, რომელიც მხატვრების ერთ ჯგუფს აერთიანებს. ესაა ათი წლის წინ დაწყებული საერთაშორისო მოძრაობა, რომელშიც გაერთიანებული მხატვრები სხვადასხვა ქვეყნებიდანაა. მან ეს საქმე თავის მეგობართან ერთად დაიწყო, ისინი ქუჩაში გადიოდნენ. შემდეგ ამ აქტივობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ეს პიროვნება იქ ყველას უყვარს. ამ მოძრაობამ დღეს ასეთი საერთაშორისო სახე მიიღო. ყველას შეუძლია, რომ ხალხს ღია ცის ქვეშ, ქუჩაში, პარკში სახვითი ხელოვნების გამოსახვის მისთვის სასურველი ფორმა შესთავაზოს. იმ დღეს მსგავსი რამ ერთდროულად ჩატარდა 25 ქვეყანაში, სადაც 170 მხატვარი მონაწილეობდა. ეს იყო ინდოეთში, ჩვენთან, თურქეთში, იტალიაში და კიდევ სხვა ქვეყნებში…

გამოფენაზე

— კონკრეტულად რას ეძღვნებოდა ეს გამოფენა, რა თემის ირგვლივ იყო?

— ეს გახლდათ მსოფლიოს ნიჭიერი ახალგაზრდების დღე, სწორედ მასზე იყო ეს ღონისძიებაც მიბმული. საქართველოდან 16 მხატვარი ვიყავი. ეს აქტივობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მაინცდამაინც ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. მონაწილეებისგან ასაკით ყველაზე პატარა 13 წლის იყო, ყველაზე უფროსი —55 წლის. ამ აქციისთვის სოფიკო ჭიაურელის სკვერი ავირჩიეთ, იმიტომ, რომ იქ ხალხმრავლობაა და შემოქმედებითი გარემოა. რაც მთავარია, ეს გამოფენა უშუალო კონტაქტს ითვალისწინებს ქუჩაში გამვლელებთან, რაც ამ შემთხვევაშიც მოხდა. ყველას შეუძლია შეჩერდეს ნახატთან და მხატვარს გაესაუბროს. შეიძლება ამის შემდეგ ვინმეს ხატვის სურვილიც გაუჩნდეს. ყველა შემთხევაში, ეს მოძრაობა სახვითი კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რა დღეს დააარსებდით საქართველოში და როგორ აღნიშნავდით მას?

— ასეთ რამეზე ძალიან ხშირად მიფიქრია… ყველაზე მეტად რაც მაწუხებს იქიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ზრდილობის დღეს დავაწესებდი. ეს მინდა ძალიან და თუკი ამაში ვინმე ამყვება, ბედნიერი ვიქნები. ეთიკა, კულტურა, ზრდილობა, თავაზიანობა- ძალიან გვაკლია და გვჭირდება დღეს, რადგან ეს ყველაფერი ალამაზებს ჩვენს ურთიერთობას. მე ჩემს შვილს ყოველთვის ვასწავლი, შენ თუ იქნები ზრდილობიანი ადამიანი, ჩათვალე, რომ სადაც უნდა წახვიდე და რა საქმესაც უნდა აკეთებდე ზრდილობის ფორმით თუკი გამოხატავ სურვილს, უკვე ნახევარზე მეტი გაკეთებული გექნება. პირველ რიგში, ყველას გავაგებინებდი, რომ ქალებს და ასაკოვან ადამიანებს სცენ პატივი. ქუჩაში რომ მივდივარ და ამდენი უწმაწური სიტყვა მესმის ძალიან ცუდად ვარ…

ნინა დარჩიას შემოქმედება

- ალბათ ცუდი სიტყვის და გინების გამო ჯარიმის დაწესებაზეც გიფიქრიათ…

— აი, მაგაზეც ვფიქრობ, ძალიან დიდი თანხას დავაწესებდი ჯარიმად, რათა უწმაწური სიტყვა არავის ეთქვა. ვფიქრობ, თუკი ეს საკითხი გამოსწორდება, ჯაჭვური რეაქციით ძალიან ბევრი რამ მოგვარდება მასთან ერთად. ამდენი აგრესიულობა და ძალადობა რომაა გამძაფრებული, ამასაც მოევლება, თუკი ადამიანები ზრდილობიანი და თავაზიანი ურთიერთობის ფორმას დაუბრუნდებიან.. უნდა ვიყოთ კულტურულები, შეიძლება უმაღლესი არ გვქონდეს დამთავრებული, მაგრამ ზრდილობის ელემენტარული ნორმები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. მერე ცხოვრებაც და ურთიერთობაც უფრო სასიამოვნო გახდება…