თუშეთში „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ აღინიშნება

„თუშეთობა“ 20:00 საათზე, კოცონითა და ფილმის ჩვენებით დასრულდება.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე — თუშეთობა — 2018“ იმართება, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუშეთში ცხრა ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია მიენიჭა

ღონისძიებაზე გამოფენილია როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. მოეწყო ძველებური თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ისინი.

„თუშეთობაზე“ წარდგებიან მეგა-შოუ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი, კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე და ბენდი „ნიუტონი“.

დღესასწაულზე აგრეთვე მოეწყო დოღი და მშვილდოსნობის კუთხე. 

„თუშეთობა“ 20:00 საათზე, კოცონითა და ფილმის ჩვენებით დასრულდება.

„მეცხვარის დღე“, იგივე „თუშეთობა“ ყოველ წელს აღინიშნება. დღესასწაულის მიზანი თუშების ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა. თუშეთში „მეცხვარის დღე“ უკვე მეათედ აღინიშნება.