ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 6%-მა ვერ გადალახა
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიისა და მათემატიკის გამოცდების პირველადი შედეგები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 94%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა.

ჯვაროსან–აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე: უჩვეულო შემთხვევა თბილისში

„ქართულში წინა წლის შედეგების მსგავსი შედეგია, მეტნაკლებად გეოგრაფიაშიც, რაც შეეხებათ მათემატიკაში, წელს ჩვენს აბიტურიენტებს უფრო გაუიოლდათ მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა. საერთო ჯამში წერდა 35 000-ზე ცოტა მეტი აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, აქედან დაახლოებით 6%-მა, ოდნავ მეტმა ვერ დაძლია ზღვარი. უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან წინ გველოდება სააპელაციო პროცესი, ქულათა გათანაბრების პროცესი, რადგან რამდენიმე ვარიანტი იყო ამ საგნებში, ამიტომ ეს შედეგი ალბათ ცოტა შეიცვლება, აპელაციის შემდეგ სტატისტიკური ანალიზიც გაკეთდება. შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიაში დაახლოებით 90%-მა, მათემატიკაში გადალახა თითქმის 80%-მა პროცენტმა, რაც წინა წლებთან შედარებით ანალოგიური არის, მათემატიკაში პირიქით მეტმა გადალახა”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ.

სიცხის შედეგები: ეროვნული გამოცდების შედეგებს დროულად ვერ გამოაცხადებენ

მისივე თქმით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი, 80 ქულა ერთმა აბიტურიენტმა მიიღო, მათემატიკაში ყველაზე მაღალი, 59 ქულა 22 აბიტურიენტმა მიიღო, რაც შეეხება გეოგრაფიას, 59 ქულა ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლიათ. ორშაბათიდან დაიწყება არჩევითი საგნების შედეგების გამოცხადება. ხუთშაბათს გამოქვეყნდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები, პარასკევს — უცხო ენის გამოცდის შედეგები.

შედეგების გასაჩივრებას აბიტურიენტები ყველა საგნის შედეგის გამოცხადების შემდეგ შეძლებენ.

აპელაციის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს ჩარიცხული აბიტურიენტის სიები გამოქვეყნდება.