სმიტების ოჯახის მკვლელობა საქართველოში: 19 წლის მწყემსი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

გამოძიება ინტერესდება, იყო თუ არა შერაცხადი კობაური იმ პერიოდში, რა დროსაც დანაშაული მოხდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ მხრივ პრობლემები არ აქვს.
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა მწყემსი მალხაზ კობაური, რომელსაც დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობა ედება ბრალად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები: ლორა სმიტი გაუპატიურებულია

ადვოკატის ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით დაინიშნა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.

კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღეს დაჰყოფს, რის შემდეგაც სპეციალისტები მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნას მოამზადებენ. გამოძიება ინტერესდება, იყო თუ არა შერაცხადი კობაური იმ პერიოდში, რა დროსაც დანაშაული მოხდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ მხრივ პრობლემები არ აქვს.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაიან სმიტისა და მისი მეუღლის, ლარას ცხედრები 7 და 8 ივლისს ხადას ხეობაში იპოვეს, ხოლო მათი 4 წლის შვილის სამარხზე პოლიციას დაკავებულმა 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა — ბავშვის ცხედარი 9 ივლისს იპოვეს.

„შოკში ვართ" – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 19 წლის მწყემსმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტსა და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვანის ცხედარი ზვავში დამალა.

ექსპერტიზა, რომლის მონაცემებიც მედიისთვის ცნობილი გახდა, ამტკიცებს, რომ ლორა სმიტი გაუპატიურებულია. ასევე ცნობილ გახდა მისი ოთხი წლის შვილის მკვლელობის დეტალები — ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 4 წლის ბავშვი მიბჯენით არის მოკლული.

ლორა და რაიან სმიტები საქართველოში აშშ-დან დაახლოებით ექვსი წლის წინ ჩამოვიდნენ. ისინი მარნეულის რაიონში ცხოვრობდნენ. 2012 წელს მათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს. დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად იმყოფებოდა.