მამაკაცმა თავი პროკურატურის თანამშრომლად გაასაღა და ციხეში მოხვდა

თაღლითმა მოტყუებული მსხვერპლისგან 14 ათას დოლარზე მეტი მიიღო
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე დიდი ოდენობით თაღლითობაში ბრალდებულად ცნო და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მამაკაცი ერთ-ერთი ბრალდებული პირის ძმას გაეცნო, როგორც პროკურატურის თანამშრომელი და მის გათავისუფლებას შეპირდა. კერძოდ, თაღლითმა ბრალდებულის ძმას შესთავაზა დახმარება საპროცესო გარიგების გაფორმებაში, შედეგად კი სასამართლო მას პირობით სასჯელს მიუსჯიდა.

სამეგრელოში სახელმწიფოს მოტყუებისთვის ორი პირი დააკავეს

ამის სანაცვლოდ თაღლითმა ბრალდებულის ძმას 10 ათასი დოლარი და 10 ათასი ლარი გამოართვა.

ბოროტმოქმედის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 180-ე მუხლით (არაერთგზის დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა), რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან ერთად საქართველოს პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს, მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.