წალენჯიხის ეკლესიაში წმინდა ნინოს იშვიათ ფრესკას მიაგნეს

შუასაუკუნეების ტაძარში მუშაობისას რესტავრატორები წააწყდნენ საინტერესო ფრესკას, რომელიც ХIV საუკუნით თარიღდება
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოებისას წმინდა ნინოს ფრესკა აღმოაჩინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღმოსავლეთ საქართველოში პირველი საუკუნის სამარხები აღმოაჩინეს

სპეციალისტები ფრესკას ХIV საუკუნით ათარიღებენ. საკონსერვაციო სამუშაოების ხელმძღვანელის, მხატვარ-რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის განცხადებით, უნიკალურ ფრესკაზე წმინდა ნინო ხელში უჭირავს არა მხოლოდ ჯვარი, არამედ სახარებაც. ფრესკაზე მკაფიო წარწერაა — „წმინდა ნინო".

„მსგავსი ფრესკა აქამდე საქართველოში არ აღმოჩენილა. თუმცა, გვაქვს მე-12 და მე-13 საუკუნეების რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ იმ შემთხვევებში, შეუიარაღებელი თვალით წარწერა „წმინდა ნინო" არ ჩანს", — განაცხადა მერაბ ბუჩუკურმა.

წალენჯიხის ტაძრის რესტავრაცია ამა წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყო. ამჟამად ეკლესიის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.

ტაძარი XII-XIV საუკუნეებშია აგებული. 1960-1980 წლებს შორის ის ნაწილობრივ გარემონტდა, განახორციელეს ავარიულ მდგომარეობაში არსებული ფრესკების კონსერვაცია.