სულხან-საბას სიბრძნეს გერმანიაში ეზიარებიან

მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის გერმანულ ენაზე, მთლიანობაში, დაახლოებით 200 ქართული ნაწარმოები ითარგმნება
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დიდი ქართველი განმანათლებლის, მწერლის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" გერმანიაში გერმანულ ენაზე დაიბეჭდება.

როგორც ამ პროექტის განხორციელების მხარდამჭერი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი იუწყება, წიგნს გერმანული გამომცემლობა Edition Orient გამოსცემს.

გერმანულ თარგმანზე მუშაობდა ჰაინც ფენრიხი, ილუსტრაციები ზურაბ მჭედლიშვილს ეკუთვნის.

წიგნი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ითარგმნა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

ღონისძიებაზე საქართველო წარმოდგენილი ქართული ლიტერატურის 188 გერმანული თარგმანით. თარგმანები მომზადებულია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის, რომელიც გერმანიაში 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

იაკობ გოგებაშვილის „იავნანა“ გერმანულ ენაზე გამოიცა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიება დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათას წიგნს წარმოადგენს.

პირველ სამ დღეს ღონისძიებას საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებიან, ხოლო მომდევნო ორ დღეს ის ყველასთვის ღიაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს.

ტრადიციულად, გამოფენაზე ერთ-ერთი ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. 2017 წელს საპატიო ქვეყნების სტატუსით მონაწილეობდნენ ფლანდრია და ნიდერლანდები. 2018 წლის ოქტომბერში ამ სტატუსით საქართველო წარდგება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან ამ სტატუსზე მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალური შეთანხმება 2014 წელს გაფორმდა.