საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის და ხუთდონიანი მართვის სისტემა ორდონიანით იცვლება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სვანეთის სტიქიების ლიკვიდაციაში მონაწილე მეხანძრე-მაშველები ფულად ჯილდოს მიიღებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2018 წლის იანვარში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე შეიქმნა. ახალი სტრუქტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა. მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მიმდინარე თვიდან კი, მღებრიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უწყება მისმა პირველმა მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჩაიბარა.

გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გადადგა>>>

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის ორდონიანი სისტემა იმას ნიშნავს, რომ ყველა დონეზე რეაგირებასა და კოორდინირებაზე პასუხისმგებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება.

დღეიდან ძალაში შევიდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონი, რომლის თანახმად უქმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და მის ყველა ფუნქციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეასრულებს.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონის მიხედვით, დღეიდან ძალაში შევიდა სახანძრო უსაფრთხოების ახალი ნორმები.  კერძოდ, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა ობიექტები, რომლებზეც მანამდე რეგულაცია არ ვრცელდებოდა, კერძოდ, ყველა ტიპის სასტუმრო, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი სახლები, ტურისტული ბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები.

ასევე, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის გამკაცრდა სანქციები, გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა — ფულადი სანქციები თითქმის გაათმაგდა და 1 ათასი ლარიდან 5 ათას ლარამდე იქნება.

ქართველი და თურქი მაშველები კატასტროფებთან ბრძოლას ერთად ისწავლიან

კანონის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეების გადამზადებასაც  დაიწყებს. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება პლატფორმა volunteer.ge, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება დარეგისტრირების შესაძლებლობა. მოხალისეების მომზადებას კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს. გადამზადებული მოხალისეები სოციალური გარანტიებითაც ისარგებლებენ. ასევე, მათ, დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, დროებით სარგებლობაში შესაბამისი აღჭურვილობაც გადაეცემათ. აქამდე არსებული ინფორმაციით, მოხალისეთა ინსტიტუტი პირველ ეტაპზე იმ რეგიონებში დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებსაც შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გარკვეული დრო სჭირდებათ.

2019 წლის პირველი იანვრიდან კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წვევამდელებს არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებს. არსებული ინფორმაციით, ახალწვეულები, რომლებსაც რელიგიური შეხედულებების გამო არ სურთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, ვალდებული იქნებიან ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ. ინიციატივის თანახმად, ახალწვეულები არ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობაში, მხოლოდ პროფესიონალებს დაეხმარებიან.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან  იქმნება ექსპერტთა საბჭო – სამეცნიერო-საკონსულტაციო გუნდი, რომლის მიზანიც პრევენცია იქნება. საბჭოში შემავალი მეცნიერები სხვადასხვა რისკის მიხედვით შეისწავლიან საქართველოს რეგიონებს და ამ რისკების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას მიაწვდიან.