ქირურგი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ - სერგეენკოს კოშმარული სიზმარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ნეგატიურად უყურებს ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების შესახებ შეაფასა და აღნიშნა, რომ კოშმარულ სიზმარშიც კი არ სურს წარმოიდგინოს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი.

მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმაც გაუქმდა

ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და მარიხუანის გამოყენებისთვის დარჩენილი ერთადერთი სასჯელი — ჯარიმა 500 ლარის ოდენობით — ერთხმად გააუქმა. სასამართლომ მიჩნია, რომ იგი — პიროვნების თავისუფალი განვითარების სფეროა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე უფლება არ მაქვს იგი გავაკრიტიკო. კოშმარულ სიზმარშიც კი არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში", — განაცხადა სერგეენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოთხშაბათს კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 74% თვლის, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს, 18% მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეა, ხოლო 8%-ს კი პასუხი არ აქვს.