პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ემხრობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწე ანდრია ჯაღმაიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწე ანდრია ჯაღმაიძე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების წინადადებით გამოვიდა. ამის მიზეზია მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს დააკმაყოფილა პარტიის „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გააუქმა მარიხუანის მოხმარებისთვის დარჩენილი სასჯელი — 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს პიროვნების თავისუფალი განვითარების სფეროა.

„ბრძოლა არა მარიხუანისთვის, არამედ თავისუფლებისთვის“ - ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს

„რამდენადაც მე გავარკვიე, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის აუცილებელი ატრიბუტი დემოკრატიული სახელმწიფოსი და ჩვენ ვხედავთ, რომ ოთხი მოსამართლის ლოგიკაზე არის დამოკიდებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მომავალ თაობას, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და მას დღეისთვის აქვს ისეთი უფლება, რომ შესაძლებლობა აქვს ოთხმილიონიანი ერის გადაწყვეტილება შეცვალოს ოთხმა ადამიანმა", — განაცხადა ჯაღმაიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

რამდენად ემთხვევა თანამოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწის პოზიცია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, ჯერჯერობით უცნობია. საპატრიარქოს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. მისი უკანონო შეძენა და შენახვა კვლავ დასჯადია.

ნარკოტიკების, მათ შორის მარიხუანის რეალიზება კვლავ ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად მიიჩნევა საქართველოში.