გამოკითხვა: მოსახლეობა მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჯერ ვერ გარკვეულა

ვის აირჩევს პრეზიდენტად, იცის მხოლოდ გამოკითხვის მონაწილეთა 20%-მა
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე შემოდგომაზე. ამას მოწმობს ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევა.

ინტრიგა ძალაშია - სალომე ზურაბიშვილი გეგმებს მოგვიანებით გააჟღერებს

კითხვაზე, გადაწყვეტილი აქვს თუ არა, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტების 74%-მა უარყოფითად უპასუხა. გამოკითხულთა 20%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ხოლო 5%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევის შედეგების მიხედვით, არჩევნებზე წასვლას 59% აპირებს. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს 41%.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველთაგან 27%-მა იცის, ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 68%-მა — არა.

გამოკითხვა კვლევის "საზოგადოების განწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა 23 ივნისი — 8 ივლისის პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა 2,9 ათასი ადამიანი. ცდომილება 1,9%-ს შეადგენს.