ბოტი და ოფისი ბორბლებზე - საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ „მობილურ ოფისს“ იყენებს, „ახალი პოლიტიკური მოძრაობა - გირჩი“ - ბოტს.
Sputnik

თბილისი,  31 ივლისი  — Sputnik.  საპრეზიდენტო არჩევნების წინ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ მიზნის მისაღწევად  ორიგინალური შეხედულებებისა და  მიდგომების მქონე პარტიები.

დღეისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ექვსმა კანდიდატმა უკვე განაცხადა. ამასთან, მათგან ზოგიერთმა წინასწარ დაიწყო მოსახლეობასთთან შეხვედრების გამართვა და საარჩევნო პროგრამების გაჟღერება.

ივანიშვილი თავის გუნდზე გულაყრილია – რომელი პოლიტიკური ძალა გადაიბარებს ხელისუფლებას?

პირველი „მერცხალი“ ყველაზე ორიგინალური პარტიის „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გახდა. მისი აგიტაციაც ორიგინალური აღმოჩნდა – ინტერნეტის საშუალებით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ზურაბ ჯაფარიძის ვებ–გვერდზე დარეგისტრირება და ამ კუთხით მისთვის მხარდაჭერა. დახმარების მიზნით ჯაფარიძემ გვერდით  თანაპარტიელების არმია კი არ დაიყენა, არამედ „პოლიტიკური ინტერნეტ–ბოტი“, რომელიც  მომხმარებელს მისი სახელით ეკონტაქტება და მათ „ემოჯისაც“ კი უგზავნის. გარდა ამისა, ჯაფარიძის საიტზე უკვე განთავსებულია მისი სრული წინასაარჩევნო პროგრამა და ამომრჩევლისადმი მიმართვა.

პრეზიდენტობაზე პრეტენზია ჯაფარიძის მსგავსად კიდევ ორმა კანდიდატმა განაცხადა. თუმცა, მათ წინასაარჩევნო აგიტაციის გამართვა ტრადიციულად გადაწყვიტეს, მხოლოდ კრეატივის ელფერით.

საპრეზიდენტო მარათონმა სტარტი აიღო

პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველთან შეხვედრისთვის ავტობუსის მსგავს  „მობილურ ოფისს“  იყენებს. როგორც პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა  განაცხადა, ავტობუსის სახელია „ბორტი №2".

პირველი რეისი  "ბორტმა №2"–მა კახეთის რეგიონში შეასრულა, სადაც ბაქრაძემ ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძეს დიდად არ ადარდებს ორიგინალობა და კრეატივი.  ის ქვეყნის მასშტაბით მატარებლით გადაადგილდება, რაც ძალზე ეკონომიურია. ვაშაძე უკვე შეხვდა სამეგრელო – ზემო სვანეთის ამომრჩეველს და „ევროპული საქართველოს“ მსგავსად, კახეთისკენ გაემართა.  ასე რომ, ღვინის რეგიონის მოსახლეობას მოსაწყენად დრო არ ექნება.

ზურაბ აბაშიძე შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ისინი ჯერჯერობით არ აქტიურობენ. ალბათ, ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხის  გამოყოფას ელოდებიან. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ კი ჯერ საკუთარი კანდიდატი არც დაუსახელებია.

წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 39,1 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 9,8 მილიონზე მეტს არჩევნების მონაწილეები მიიღებენ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.  არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა კენჭისყრამდე 60 დღით ადრე უნდა გამოაცხადოს.

საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ მმართველი კოალიციის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 62,12% მიიღო. მარგველაშვილის ინაუგურაცია 2013 17 ნოემბერს გაიმართა,შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 27 ოქტომბერს იწურება.