სად ინახავენ ბათუმში საკვებად გამოუსადეგარ ხორცს

მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენილი ხორცი ძაღლებისა და თევზისთვის იყო განკუთვნილი
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბათუმის სავაჭრო ცენტრში დალუქეს მაცივრები, რომლებშიც ინახებოდა საჭმელად უვარგისი ხორცი, იუწყება აჭარის ტელევიზია.

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ ბაზრის მეორე სართულზე აღმოაჩინეს ე. წ. სამალავი, სადაც მაცივრებში ინახებოდა საკვებად უვარგისი ხორცი.

გლდანის ბაზრებში ვადაგადასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს - ვიდეოკადრები

ღოღობერიძე აცხადებს, რომ ამ ხორცის რეალიზება ხდება ბაზარსა და მაღაზიებში, რასაც თავად მოვაჭრეები კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, ეს პროდუქცია განკუთვნილია ძაღლების თავშესაფრებისა და თევზის მეურნეობებისთვის.

მოვაჭრეებმა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა პროდუქტის ხარისხს და ამით ოფიციალურ ორგანოებს დაუმტკიცებდნენ საპირისპიროს, ვერ წარმოადგინეს.

სპეციალისტებმა აიღეს ხორცის ნიმუშები და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მბაზრის მეორე სართულზე ინახებოდა ცხენისა და გაურკვეველი ხორცი… ორი დღე ვაწარმოებდით მონიტორინგს, გვაქვს დამადასტურებელი ვიდეო, თუ როგორ გაჰქონდათ აქედან ხორცი და ყიდიდნენ ბაზარში", — განაცხადა ღოღობერიძემ.

ადგილზე იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.