თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქართველი მხატვრის სოფო მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა ათენში იმართება — სურათების გაყიდვიდან შემოსული თანხა ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარებას მოხმარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
საბერძნეთში გასულ კვირას რამდენიმე მსხვილი ხანძარი მოხდა, რამაც 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 25 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ექსპოზიციაზე სახელწოდებით „მოგზაურობა ნაცნობ ფერებში" მხატვრის 20-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
ორგანიზაცია „ქართულ სახლში" საქველმოქმედო გამოფენის გახსნას ქართული დიასპორის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამოფენა 6 აგვისტომდე გასტანს.
სოფო მაჭავარიანი 32 წლის თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც წარმოშობით ანანურიდანაა, ამ დროისთვის კი საბერძნეთში ცხოვრობს. ეს მხატვრის რიგით მეოთხე გამოფენაა.