აღმოსავლეთ საქართველოში პირველი საუკუნის სამარხები აღმოაჩინეს

სოფელ ციხევდავში აღმოჩენილ სამაროვანში ნაპოვნია რკინის შუბისპირი, რაც იმ პერიოდისთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენს
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. არქეოლოგებმა დუშეთის რაიონის სოფელ ციხევდავში პირველი საუკუნის უნიკალური სამაროვანი აღმოაჩინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უძველესი ეკლესია და არტეფაქტები: არქეოლოგების ახალი აღმოჩენა აჭარაში

აღმოჩენილია ოთხი სამარხი და მათში ადამიანების ძვლები. მათი განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ემბრიონის პოზაში არიან დამარხული. ეს კი საქართველოს წინაქრისტიანული ეპოქისთვისაა დამახასიათებელი.

ამას გარდა, სამარხებში აღმოჩენილია სხვადასხვა დანიშნულების საგნები, მათ შორის: შავი ფერის ლანგრები, წითლად მოხატული ჯამი, ხელადა და რკინის შუბისპირი. საბრძოლო იარაღი ამ პერიოდის სამარხებში იშვიათად ჩნდება და ამ თვალსაზრისით ციხევდავი, არქეოლოგების განცხადებით, ერთ-ერთი გამონაკლისია.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით სულხანიშვილმა განაცხადა, რომ ეს წინასწარი, სადაზვერვო ხასიათის სამუშაოები იყო, ხოლო ფართომასშტაიანი არქეოლოგიური გათხრები სოფელში 2019 წელს დაიწყება.