თურქეთის ჩაის პლანტაციებში ათასობით ქართველი მუშაობს

ქართველი დიპლომატები შეხვდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის ჩაის პლანტაციებში მუშაობენ და მათ უფლებებზე ესაუბრნენ
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თურქეთის რიზეს პროვინციაში ჩაის პლანტაციებში საქართველოს დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე მუშაობს, ხოლო დაახლოებით ათასი ადამიანი — ჩაის ფაბრიკებში, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა".

საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა

თურქეთში დროებით მომუშავე ქართველებთან ხუთ ქარხანაში შეხვედრები გამართეს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. საქართველოს მოქალაქეებს აუხსნეს მათი უფლებები, სამართლებრივი მდგომარეობა და ის, თუ როგორ მიიღონ მუშაობის ნებართვა.

ქართველ დიპლომატებს თან ახლდა ექიმი, რომელმაც მომუშავე ქართველებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან ჯანმრთელობა თურქეთში მუშაობის დროს.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართველები სამშობლოს ტოვებენ, უმუშევრობა და უკეთესო ცხოვრების ძიებაა. უმუშევრობის დონემ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს 13,9% შეადგინა. ამასთან უმუშევარი მეტია ქალთა შორის.

რაც შეეხება ჩაის დარგს, საქართველოში მისი წარმოება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეჩერდა. 2016 წელს დაიწყო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა.