თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი და ევროპის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი ერთმანეთს უჩვეულო ვითარებაში შეეჯიბრნენ — საჭადრაკო დაფაზე ჩვეულებრივი ფიგურების ნაცვლად ისინი თამაშობდნენ ღვინით სავსე ჭიქებით, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უჩვეულო ღონისძიება მიეძღვნა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც ბათუმში 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე გაიმართება. ეს უფლება ბათუმს 2014 წელს, FIDE-ს გენერალურ ასამბლეაზე ნორვეგიაში მიენიჭა.
საჭადრაკო დაფაზე ერთ ჭიქებში წითელი ღვინო იყო, სხვებში — თეთრი. საინტერესო პაექრობა თბილისის კლუბ „ღვინის ქარხანაში“ გაიმართა და ფრედ დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა საქართველოს ნაკრების სამოსის ესკიზი. სპეციალური კონკურსით გამოვლინდა გამარჯვებული — მარიამ ლორთქიფანიძე, რომლის მიერ შერჩეული ესკიზით დამზადებული სამოსით იასპარეზებენ ქართველი მოჭადრაკეები საჭადრაკო ოლიმპიადაზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.