„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი საპროტესტო მოძრაობას ჩაუდგება სათავეში

საქართველოს მმართველი პარტიის ყოფილი წევრები საკუთარ თამაშს იწყებენ – არმაზ ახვლედიანი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

როდის დაიწყება საპროტესტოა აქციები, ჯერჯერობით უცნობია. ახვლედიანმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ იგი სტარტს ბათუმიდან აიღებს.

„დაწყებულია თვისობრივად ახალი მოძრაობა, მოძრაობა, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ხალხს. ხალხს, რომელიც უბრალოდ დაიღალა ამ უსამართლობით, კორუმპირებული გარემოთი და იმით, რომ მას ხელისუფლება ყოველთვის ზურგს აქცევს“, — განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ჭიჭინაძე „სვესჩამი"! — მმართველი პარტიის დეპუტატს წითელი აუნთეს>>>

მანამდე რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ახვლედიანი აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მმართველი პარტიის კანდიდატის, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თორნიკე რიჟვაძის სასარგებლოდ გააკეთა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე 22 ივლისს დაამტკიცა.

ივანიშვილი თავის გუნდზე გულაყრილია – რომელი პოლიტიკური ძალა გადაიბარებს ხელისუფლებას?

რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, მის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ რიგი ოპოზიციური პარტიები: „შენების მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო — დემოკრატიული მოძრაობისთვის“, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „დემოკრატიული საქართველო“.

ახვლედიანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მან პარტია 2016 წლის მაისში დატოვა, მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ღია კრიტიკა დაიწყო.

ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მისამართით კრიტიკის გამო პარტიიდან გარიცხეს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაადანაშაულა იმაში, რომ იგი სხვის დამსახურებებს საკუთარ თავზე იწერდა, რომ მან უარყოფითად იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესზე.

ჭიჭინაძემ კობახიძეს დაბალი რეიტინგისა და ავტორიტეტის მქონე ფიგურა უწოდა და აღნიშნა, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ კომპრომისის გამო, როდესაც საუბარი მიდიოდა „შრომის უსაფრთხოების" კანონის გამკაცრების შესახებ.

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შემდეგ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში აპირებს ფრაქცია „ქართული ოცნება 2012“-ის შექმნას.  ამისთვის კი ის დაელოდება მათ, ვისაც პარტიიდან კრიტიკის გამო გარიცხავენ.

„ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა ერთგვარი დადასტურება გახდა იმისა, რომ მმართველი პარტიაში განხეთქილებაა. თუმცა პარტიის ლიდერები აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პარტიის წევრებს შორის უთანხმოებაში გასაკვირი არაფერია და ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია.

მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებენ>>>

როგორც აღმოჩნდა, „გუნდის რღვევის საშიშროება“ მაინც არსებობდა. ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელმაც ვითარების დასარეგულირებლად და დაძაბულობის განსამუხტად მაისის შუა რიცხვებში პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა – იგი მის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას“ ჩაუდგა სათავეში.